დაშბაშის კანიონი სამხრეთ საქართველოში, მდინარე ხრამის ხეობაში, თრიალეთისა და ქვემო ქართლის ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციათა შორის, ზღვის დონიდან 1100-1500 მეტრზე მდებარეობს.
კანიონი გამომუშავებულია ვულკანურ (ბაზალტური ლავის) ქანებში, რომლითაც აგებულია მიმდებარე წალკის პლატო და ხრამის მასივი. მისი რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლის ფერდობებს კანიონის სხვადასხვა ნაწილში განსხვავებული დახრილობა ახასიათებს.
კანიონი მერიდიანული მიმართულებისაა. მისი სიგრძე 8 კმ-ს აღწევს. კანიონის ფარგლებში გაბატონებულია ზომიერად ნოტიო ჰავა. ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა საკმაოდ მაღალია, რაც ჰავის კონტინენტურობაზე მიუთითებს. აქ იანვრის საშუალო ტემპერატურა -4-60, ხოლო ივლისის _ +16+180-ია. მზის ნათების ხანგრძლივობა 2100 საათს აღემატება. ნალექების რაოდენობა 700-800 მმ-ია, რომლის შედარებით მცირე ნაწილი (20%) ზამთარში, თოვლის სახით გამოიყოფა. მიუხედავად მცირე რაოდენობისა, თოვლის მდგრადი საბურველი 3 თვის მანძილზე ნარჩუნდება.
დაშბაშის კანიონი ბუნებრივი მრავალფეროვნებით და ეფექტური პეიზაჟებით გამოირჩევა. მის ფერდობებზე მიწისქვეშა წყლების მრავალი გამოსასვლელი და ჩანჩქერია. გვხდება როგორც ბუნებრივი, ისე ადამიანის მიერ გამოკვეთილი გამოქვაბულები.
კანიონის ფარგლებში და მის სიახლოვეს წარმოდგენილია რამდენიმე ტიპის ლანდშაფტი _ ვულკანური კონუსები და პლატოები, ფართოფოთლოვანი (წიფლნარი, რცხილნარ-მუხნარი, რცხილნარი) ტყეები და მაღალი მთის სტეპები, კლდის ქსეროფიტული მცენარეულობა და დერივატები, მეორადი მდელოები და ბუჩქნარები. ხეობა მრავალი სახეობის ცხოველის თავშესაფარი და გამრავლების ადგილია. იგი მნიშვნელოვანი ეკოლოგიური კორიდორია, რომლის მეშვეობით ერთმანეთს უკავშირდება აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს ცხოველთა სამყაროს არაერთი სახეობა.
დაშბაშის კანიონის ძირითადი არტერია მდინარე ხრამია. მისი ხეობა არაერთი გეოგრაფიული თავისებურებით გამოირჩევა. სათავეში ქციის სახელწოდებით მოედინება, ხოლო წალკის წყალსაცავიდან გამოდინებისას ხრამად იწოდება. მან მილიონობით წლის მანძილზე ვულკანური მასივის ფარგლებში არაერთი კანიონი გამოიმუშავა, რომელთაგან ზოგი გაუვალი და უდაბურია. ქცია სათავიდან წალკის წყალსაცავთან შეერთებამდე კლასიკური მთის მდინარეა, რომელიც ბოლო კანიონიდან გამოსვლისთანავე მდორედ მიედინება ქვემო ქართლის ვაკეზე. ხრამის კანიონები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმის საუკეთესო ობიექტია, რომლის ფერდობებზე კარგად ჩანს რეგიონის გეოლოგიური განვითარების ისტორია.