წალკის მუნიციპალიტეტი, რომელიც ქვემო ქართლში მდებარეობს, საკმაოდ მდიდარია ძეგლებით, რომელთა ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა ძალზე დიდია.
დაშბაში (ტაშბაში) სოფელი წალკის რაიონში,სადაც ორი ეკლესიაა.
ერთი – წმ.გიორგისა, “თავისუფალი ჯვრის” ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა. წარწერის მიხედვით, X- XI სს. მიჯნაზე თრიალეთის ერისთავთ-ერისთავის რატის დაკვეთით აუგიათ. ნაგებობა დაზიანებულია. გუნბათის ყელიდან მხოლოდ კარნიზის ფრაგმენტებია შემორჩენილი. შენობის დეკორატიულ სამკაულში გავრცელებულ სახეებთან ერთად გვხვდება ორიგინალური სკულპტურული კომპოზიციებიც.
მეორე ეკლესია თლილი ქვით ნაგები უგუმბათო ერთკამარიანი შენობაა. საპირე ქვებზე ასომთავრულით ამოკვეთილი ლაპიდარული ტექსტების ფრაგმენტებიდან ირკვევა, რომ ისიც რატი ერისთავთ-ერისთავის მმართველობის დროს აუგიათ. დაშბაშის ძველი ქართული სახელწოდებაა ახალქალაქი. აქ სხვადასხვა დროს თრიალეთის ერისმთავართა, საბარათიანოს მმართველთა და სპასალართა საჯდომი იყო.
„ტაშბაშ” თურქული სიტყვაა, რაც ქვა-თავა, ქვის-თავი, თავის ქვა”-ს აღნიშნავს. ასე ეწოდება სომეხთა სოფელს ზემო-წალკაზე, სწორედ იმ კლდოვან ნახევარკუნძულზე, სადაც მდ.ქცია ღრმა ხრამში ვარდება. მისი ძველი სახელწოდება „ახალქალაქი” ყოფილა. აქ ოდესღაც საბარათიანოს მმართველთა და სპასალართა საჯდომი იყო. აქ საინტერესოა ჯვარის რიგის ეკლესია რატი ერისთავთ – ერისთავის საუცხოო ასომთავრული წარწერით, ხოლო ეკლესიის წინ ემჩნევა ციკლოპური ზღუდის ნაშთი: როგორც ეტყობა, ციკლოპურ ციხეს მხოლოდ ეს ერთი ზღუდე ახლდა დასავლეთით, რამდენადაც სწორედ ამ მხრიდან იყო იგი მისადგომი, დანარჩენი მხრიდან კი მას უვლიდა ღრმა ხრამი დაქანებული კლდეებით.
️ბერთას სამი მღვდელმთავრის სახელობის მამათა მონასტერი
მონასტერი მდებარეობს საქართველოში, კერძოდ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერთაში, იგი თბილისიდან 120 კილომეტრითაა მოშორებული, ხოლო ქალაქ წალკიდან 21 კმ-ით. ეს არის მართლმადიდებლური მონასტერი, რომელიც დაარსდა 2004 წელს საქართველოს პატრიარქის ილია II ლოცვა კურთხევით, ქართული მართმადიდებლური ტაძრის საძირკველზე, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება.
მონასტერში არსებული მცირე ზომის ბაზილიკური ტაძარი და ტაძრის ქვემოდან აღმოცენებული უხრწნელი წყალი, განსაკუთრებულია იმით, რომ ამ წყალში ბინადრობენ კალმახები, რომლებიც გამოირჩევიან თავისი არაბუნებრივი საქციელით, რადგანაც ისინი მხოლოდ მათ მიერ გამორჩეულ ადამიანებს აძლევენ მოფერების საშუალებას და მიუხედავად იმისა, რომ აუზში მრავალი ადამიანი განიბანება კურნების მიზნით, ისინი აუზს მაინც არ ტოვებენ. გადმოცემით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც წითელ პარასკევს უპირატესი კალმახი იკლავს თავს (უპირატესი იმიტომ , რომ კალმახები იცავენ იერარქიას) გასაოცარია ის ფაქტიც, რომ წყარო რომელიც ტაძრის საძირკველიდან აღმოცენდება ნაკურთხი წყლის მსგავსად არ იხრწნება და ეს წყარო არანაკლებ გასაოცარია ვიდრე კალმახები, რადგან ამ წყალში განბანვის შემდეგ ყოველი ადამიანი განსაკუთრებულ სიმსუბუქესა და სულიერ სიმშვიდეს განიცდის. ყოფილა შემთხვევები, როდესაც რწმენით მოსული ადამიანები ამ წყალში განბანვის შემდეგ განკურნებულან სხვადასხვა დაავადებებისაგან.
ბეშთაშენი -სოფელი წალკის მუნიციპალიტეტში, წალკის წყალსაცავის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ბეშთაშენში არის წმინდა გიორგის ეკლესია (დაახლოებით X-XIII სს), მის მახლობლად – VII საუკუნის ეკლესია, ციკლოპური ციხის ნანგრევები, მის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოსა და ფეოდალური ხანის ნამოსახლარი.გაითხარა 3 კულტურის ფენა:
I- ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III ათასწლეული) ფენაში აღმოჩნდა შენობათა და კერის ნაშთები, სამეურნეო ორმო, კაჟის სამკუთხა ყუნწიანი ისრის პირები, დანები, ქვის ჩაქუჩი, ხელსაფქვავები, სპილენძის ხვია, პასტისა და ფერადი ქვის მძივები, ცხოველის თიხის ქანდაკება. მასალა მტკვარ-არაქსის კულტურას განეკუთვნება. ციხიბეშთშენის მახლობლად აღმოჩნდა ამავე დროის სამარხი, რომელშიც იყო თიხის რამდენიმე ჭურჭელი.
II – ფენა შეიცავდა გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კერამიკას, შინაური და გარეული ცხოველების ძვლებს.
III- ფეოდალური ხანის ფენაში აღმოჩნდა ოთხკუთხა ნაგებობებისა და თორნის ნაშთები.